Friday 29 March 2013

ბარეთის სკოლის ინიციატივა


ბარეთის საჯრო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენ“ წევრები ტელევიზიით გასულმა რეპორტაჟმა ლეიკემიით დაავადებულებზე   მიიყვანა იმ აზრამდე, რომ დახმარებოდნენ 8 წლის თენგო ზააკაშვილს.
ამისათვის 25 თებერვალს კლუბმა შეიმუშავა გრძელვადიანი პროექტი „ჩვენ თქვენთან ვართ“, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო შეგნების ამაღლება და მოსწავლე-მასწავლებელ-მშობლის მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში თემის წარმომადგენლებთან ერთად. პროექტი 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.  
27 თებერვალს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს და თემის წევრებს ჩაუტარეს სემინარი ამ სენზე და ქველმოქმედების არსზე. გამოცხადდა კონკურსები: მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ამ პრობლემის შესახებ თემა, შეექმნათ ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები.
7 მარტს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, რომლებიდანაც საუკეთესოები ამოირჩა.
11 მარტს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები , რომლებიდანაც ორი მათგანი  „მე სიცოცხლე მწყურია“ (ანა ფირცხელიანი) და „ისევ აშრიალდა პალმა“ (ლევან გურჩიანი) გამოცხადდა საუკეთესო ნამუშევრებად.
13 მარტს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებისთვის წაკითხულ იქნა საუკეთესო თემები.  მოეწყო ვიქტორინა „რა, სად, როდის“ თემაზე „ვინ რა იცის ლეიკემიაზე“. ამ დღესვე მოეწყო გამარჯვებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რის შედეგად შეგროვებულმა თანხამ შეადგინა 308 ლარი, რომელიც გადაიგზავნა  თენგო ზააკაშვილის პირად ანგარიშზე.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო კლუბის  წევრებმა და  VI-XII კლასების ყველა მოსწავლემ, სულ 80 მოზარდმა და  სკოლის 18 პედაგოგმა. დასკვნით ღონისძიებას თემის 5 წარმომადგენელიც დაესწრო. 

„ჩვენი მიზანია, მცირე წვლილი შევიტანოთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ჩვენი დღევანდელი აქცია-ღონისძიება სტიმული იქნება სხვა სკოლებისთვისაც მსგავსი აქციები ჩაატარონ და დაეხმარონ ამ ბავშვებს“ - განაცხადა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა  ანა ფიცხელიანმა.
„ჩვენ შევიძინეთ ბავშვის ნაშრომი, რომელიც სუვენირის სახით გვექნება. ჩვენი შენაძენით მცირე წვლილი შევიტანეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ - რაულ აბულაძე, წალკის მკვიდრი.

პროექტი ამით არ დასრულებულა. 29 მარტს ბარეთის სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლები ეწვივნენ იაშვილის კლინიკაში სისხლის ჩასაბარებლად. ბარეთის სკოლას ამ ინიციატივაში მხარი აუბა ნეო ხარაბის საჯარო სკოლამაც, რომლის პედაგოგებმა  ბარეთელ  კოლეგებთან ერთად  გაიღეს სისხლი. სულ ბარეთის 5 პედაგოგმა და 1 თემის წევრმა, ხოლო ნეო ხარაბადან 11 პედაგოგმა ჩააბარა სისხლი.

Friday 15 February 2013

„გაუზიარე გამოცდილება თანატოლებს“


ბარეთის საჯარო სკოლას ჰქონდა გასვლითი ღონისძიება სამების საჯარო სკოლაში, სახელწოდებით  „გაუზიარე გამოცდილება თანატოლებს“ . ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინეზა კორძაია. 
ღონისძიების ფარგლებში ბარეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებმა თანატოლებს სამების საჯარო სკოლიდან ჩაუტარეს ტრენინგ–სემინარი თემებზე:
1) ბავშვების უფლება–მოვალეობები; 
2) გენდერული თანასწორობა; 
3) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და სხვა აქტუალური თემები. 
მასპინძელი სკოლის მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული. 
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სხვადასხვა თემის მოსწავლეების დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას.